მოთელვა საწოლში
დღეს როგორც შეხვდებით, ისევე დაასრულებთ, ამიტომ სასურველია, ყოველ დილით, ადგომამდე, მოთელვა შეასრულოთ.
რა საჭიროა ეს?
თუ გაღვიძებისთანავე წამოდგებით, შინაგანი ორგანოებისა და კუნთების კაპილარები, რომლებიც ღამით მოდუნებული იყო, გააქტიურებას ვერ მოასწრებს და თავისი ფუნქციის შესრულებას მოუმზადებელი შეუდგება.
საწყისი პოზიცია:
დაწექით ზურგზე, საბანი ნიკაპამდე დაიხურეთ, ფეხები გამართეთ, ხელები კი სხეულის გასწვრივ დაიწყვეთ და მოეშვით. მოთელვა უნდა ჩატარდეს განსაზღვრული თანმიმდევრობით:
1. ტერფების მოთელვა
მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები, ათი მოძრაობის შემდეგ მცირე ხნით შეისვენეთ და მოძრაობა კიდევ ათჯერ გაიმეორეთ.
თუ გულისცემა ან სუნთქვა გაგიხშირდათ, ვარჯიში შეწყვიტეთ, ვიდრე ყველაფერი ნორმაში არ ჩადგება.
ტერფები მაქსიმალურად გაჭიმეთ.
ტერფები საათის ქანქარასავით ამოძრავეთ კოჭ-წვივის სახსარში - შიგნით-გარეთ, შიგნით-გარეთ...
ამოძრავეთ ტერფები წრიულად.
თერაპიული ეფექტი: უხდება რევმატიზმსა და ბრტყელტერფიანობას, ხსნის ტერფებისა და ფეხის თითების მსუბუქ დამბლას, ხელს უწყობს მარილების დაშლას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ტონუსში მოჰყავს კიდურთა ნერვები.
2. ქვედა კიდურთა კუნთების მოთელვა
რიტმულად შეკუმშეთ და მოადუნეთ წვივისა და დუნდულა კუნთები.
თერაპიული ეფექტი: ამცირებს ვენურ შეგუბებას, ამტკიცებს და ტონუსში მოჰყავს ქვედა კიდურთა სისხლძარღვები.
3. მენჯის მოთელვა
ჰორიზონტისადმი მცირე კუთხით ასწიეთ ქვედა კიდურები. მარჯვენა ფეხი მოხარეთ, ხოლო მარცხენა გაშალეთ. შემდეგ ფეხები შეანაცვლეთ.
4. წელის მიდამოს მოთელვა
მენჯით გააკეთეთ წრიული მოძრაობები.
თერაპიული ეფექტი: ტონუსში მოჰყავს ნერვული სისტემა, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას კიდურებსა და შინაგან ორგანოებში, აქრობს საჯდომი ნერვის ანთებას, ხელს უწყობს ხერხემლიდან მარილების გაწოვას, ასწორებს ხერხემლის დეფექტებს, ავითარებს მოქნილობას, ხსნის რადიკულიტის მოვლენებს.
5. შინაგანი ორგანოების მოთელვა
მუცელი რამდენიმეჯერ რიტმულად გამობერეთ და შეზნიქეთ.
თერაპიული ეფექტი: არეგულირებს მუცლის ღრუს ორგანოების ნერვული სისტემის ფუნქციას, ტონუსში მოჰყავს მზის წნული, ამაგრებს მუცლის კუნთებს, ხელს უწყობს ცხიმგროვების გაწოვას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მუცლის ღრუს ორგანოებში, ტონუსში მოჰყავს კუჭი, ნაწლავები და სხვა ორგანოები, აუმჯობესებს ქალური ორგანოების ფუნქციას, ხელს უწყობს თირკმელებში, ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვების პროფილაქტიკას და ხერხემლიდან მარილების გაწოვას.
გახსოვდეთ: ეს ვარჯიში საშიშია ხერხემლის მალების თიაქრის დროს.
6. ხელების მოთელვა
მომუჭეთ და გაშალეთ ხელის თითები.
7. ხერხემლის გულმკერდის ნაწილის მოთელვა
იდაყვში მოხრილი ხელები საბანზე ისე დააწყვეთ, რომ ცალი ხელი მეორის მაჯას ჩაავლოთ. ამოძრავეთ ხელები წრიულად. მათთან ერთად ამოძრავეთ მხრებიც. შემდეგ ხელები დაიწყვეთ გულმკერდზე, წამოსწიეთ თავი და შეძლებისამებრ, გულმკერდიც, ორიოდე წამს ასე გაჩერდით და საწყის პოზიციას დაუბრუნდით.
თერაპიული ეფექტი: აუმჯობესებს გულმკერდის კუნთებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის მხრის სახსრებში მარილების ჩალაგებას. შველის მოხრილობას, აძლიერებს მუცლის კუნთებს.
8. გულმკერდის ყაფაზის მოთელვა
ხელები დაიწყვეთ თავზე, ჩაისუნთქეთ რაც შეიძლება ღრმად და ამოუსუნთქავად შეკუმშეთ გულმკერდის ყაფაზი, შემდეგ მაქსიმალურად ამოისუნთქეთ. ამოსუნთქვისას შეკუმშეთ შინაგანი ორგანოები. ჩაისუნ-თქეთ და ნელა გამობერეთ მუცელი.
თერაპიული ეფექტი: აძლიერებს გულმკერდის ყაფაზის კუნთებს. რგებს საჭმლის მომნელებელ და ნერვულ სისტემებს, მზის წნულს, ახდენს გულისა და მუცლის ღრუს ორგანოების მასირებას, აუმჯობესებს ფილტვებში სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ბრონქიტებისა და ასთმის დროს. ხელს უწყობს ხერხემლის გულმკერდის ნაწილიდან მარილების გაწოვას, შველის მოხრილობას, ზურგის კუნთების ტკივილს.
9. კისრისა და სახის მასაჟი
პირმოკუმულმა დასწიეთ დაბლა ქვედა ყბა და დაჭიმეთ ნაქის კუნთები. ტრაქეას ცერა და საჩვენებელი თითები შემოაჭდეთ და ოდნავ მიაბჯინეთ კისრის მალებს. თავი რამდენიმეჯერ დახარეთ აქეთ-იქით.
თერაპიული ეფექტი: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მოცემულ ადგილას, ახდენს ანგინის, გრიპის, ნაოჭების პროფილაქტიკას.
10. თვალების მასაჟი
თვალებზე დაიწყვეთ საჩვენებელი და შუა თითები, გააკეთეთ წრიული მოძრაობები. ნელა დაიჭირეთ თვალებზე.
თერაპიული ეფექტი: კარგია თვალის დაავადებების, თვალების ქვეშ ტომრების საპროფილაქტიკოდ.
11. ცხვირის მასაჟი
ჩაისუნთქეთ ცხვირით, თუ ცხვირი გაჭედილი გაქვთ - პირით, თითები ნესტოებზე მიიჭირეთ და შეეცადეთ, ამოსუნთქული ჰაერი ცხვირისა და ყურებისკენ მიმართოთ.
თერაპიული ეფექტი: ისეთივეა, როგორიც გულმკერდის ყაფაზის მოთელვის დროს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ცხვირში, ცხვირ-ხახაში, ნუშურებში, ხორხში, საყლაპავში, ყურის შიგნითა ნაწილში, აძლიერებს ცხვირ-ხახის კუნთებს, ასუსტებს ხვრინვას, ტონუსში მოჰყავს ენდოკრინული სისტემა, უხდება ანგინას, ასთმას, რეკომენდებულია ასევე მეტყველების დეფექტის მქონე ადამიანებისთვის.
12. ყურების მასაჟი
საჩვენებელი თითები სასმენ მილებზე მიიჭირეთ და შიგნით და გარეთ ამოძრავეთ.
13. თავის მასაჟი
ხელის თითებით დაიზილეთ თავის კანი ქვემოდან ზემოთ. შემდეგ ბალიშიდან აუწევლად ჯერ ნაზად, შემდეგ მკვეთრად მიაბრუნეთ თავი აქეთ-იქით. ბოლოს თავი წამოსწიეთ და მკვეთრად დაუშვით.
თერაპიული ეფექტი: აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ტონუსში მოჰყავს თავის ტვინის სისხლძარღვები, აფხიზლებს, ახდენს არტერიული წნევის ნორმალიზებას, განამტკიცებს ვესტიბულურ აპარატს - წონასწორობის ცენტრს. მოთელვის დასრულების შემდეგ ლოგინში წამოჯექით, ფეხები იატაკზე დადგით და ხელის თითებით მსუბუქად დაიზილეთ ტერფები.
თერაპიული ეფექტი: იხსნება შეგუბება ქვედა კიდურის ვენებში, უმჯობესდება მათი ტონუსი, მაგრდება სისხლძარღვთა კედლები.
რამდენიმე რჩევა
მოთელვა ყოველდღიურად ჩაატარეთ. ცალკეული ვარჯიშების შესრულებისას გულისცემა და სუნთქვა ზოგჯერ ხშირდება. ამ შემთხვევაში მოთელვა უნდა შეწყვიტოთ და კუნთები მოადუნოთ. ამ დროს შეიგრძნობთ სასიამოვნო სითბოს იმ ადგილებში, რომლებსაც ავარჯიშებდით. გულისა და სასუნთქი სისტემის მუშაობა მალე ჩადგება მწყობრში და შეგიძლიათ, ვარჯიში განაგრძოთ. თუ ვარჯიშის დროს გაზმორების სურვილი გაგიჩნდათ, ნუ მოგერიდებათ. თუ ვარჯიშის დროს მცირედი ტკივილი იგრძენით, ატკივებული ადგილი უფრო გულდასმით უნდა აამუშაოთ. მკვეთრი ტკივილის შემთხვევაში მოთელვა შეწყვიტეთ და დაელოდეთ. როდესაც ტკივილი გაივლის, თანდათანობით, მიზანმიმართულად განაგრძეთ მტკივანი ადგილის დამუშავება. მოთელვისთვის საშუალოდ 20 წუთია საკმარისი. სურვილი-სამებრ, ხანგრძლივობა შეგიძლიათ შეამციროთ ან გაზარდოთ. მოთელვის დასასრულს იგრძნობთ სასი-ამოვნო სითბოს, სიმსუბუქეს, ენერგიის მოზღვავებას. ეს იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი მწყობრში ჩადგა.
0 Responses on "მოთელვა საწოლში"
Отправить комментарий